კატეგორიები



მთავარი გვერდი პროექტები პრიორიტეტები ბიბლიოთეკა მედია
პარტნიორები









სპონსორები









Facebook



მთავარი » "არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"
 

"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!" 

დასათაურება: ხორცი მშვიდობაა,სული–თავისუფლება...

ძნელია, არ დაეთანხმო აშშ–ს პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის სიტყვებს. მართლაც, ჩემი აზრით, ქვეყანაზე უზანაესი ღირებულება და ამოსავალი წერტილი არა მშვიდობა, არამედ თავისუფლებაა.მშვიდობა არა ადამიანის სულის გამოძახილი, არამედ სახელმწიფოს მეთაურთა მიერ დალაგებული ქაოსია, რომლისთვისაც პიროვნება და პიროვნული თავისუფლება მნიშვნელოვანი არაა. რაც შეეხება თავისუფალ საზოგადოებას, ჩემი აზრით, იგი თვითონ ქმნის მშვიდობას.

სავსებით შესაძლებელია, ქვეყანაში სუფევდეს მშვიდობა, მაგრამ საზოგადოება უფლებააყრილი, დამონებული იყოს. ამის მაგალითად ცნობილი ტოტალიტარული რეჟიმების გახსენებაც კმარა. მათი მეთაურები ცდილობდნენ, დაემყარებინათ მშვიდობა თავისუფლების ხარჯზე. XX საუკუნის მეორე ნახევარში საბჭოთა კავშირში, „ბოროტების იმპერიაში“ სრული სიწყნარე იყო, მაგრამ ადამიანებს თავისუფლება სანატრელად ჰქონდათ დარჩენილი. ცხადია, ეს ნორმალური მოვლენისგან ძალიან შორს იდგა, მაგრამ ასეთი რეჟიმებისთვის მსგავსი ქმედებები დამახასიათებელია. იყო დრო როდესაც მშვიდობას თავისუფლებასთან ათანაბრებდნენ და სავსებით მართებულადაც. თუ  საქართველოს ისტორიას გავიხსენებთ, აღმოვაჩენთ, რომ გაერთიანებულ საქართველოში მშვიდობა და თავისუფლება გაიგივებული ცნებები იყო. თუ ქვეყანა თავს დაიცავდა გარეშე მტრისაგან, მშვიდობიანი და თავისუფალი ცხოვრება იყო მოსალოდნელი. მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით მოგვიანებით  მომხდარ მოვლენებზე. ნებისმიერი დამპყრობლის, რუსეთი იქნებოდა, სპარსეთი თუ ოსმალეთის იმპერია, შემოჭრის შემდეგ მათი მიზანი მშვიდობის დამყარებასთან ერთად თავისუფლების ალაგმვა იყო. თითოეული აჯანება, რომელიც მათ წინააღმდეგ იყო მოწყებილი,ემსახურებოდა ქართველი ხალხის განთავისუფლებას, იმ უზენაესი ღირებულებების შერწყმას, როგორებიცაა: პიროვნება და თავისუფლება.

წარმოვიდგინოთ, რა იქნება ადამიანი იმ საზოგადოებაში, სადაც მშვიდობაა, მაგრამ თავისუფლება წართმეული აქვს? ცხადია, მისთვის ეს მშვიდობა გამოუსადეგარი იქნება , რადგან მას არ ექნება თავისუფალი აზრის გამოხატვის,თვითგამორკვევის უფლება. მაგრამ, ჩემი აზრით პირიქით შესაძლებელია ადამიანის ნორმალური განვითარება.თუ იგი იქნება თავისუფალი, ექნება განვითარების უფლება, მაგრამ ქვეყანაში ქაოსი და მუდმივი დაპირისპირება იქნება, მას ხელთ ეკავება საუკეთესო მექანიზმი–თავისუფლება, შესაბამისად პიროვნებისათვის უპირატესი არა მშვიდობა, არამედ თავისუფლება აღმოჩნდება.

ქართველი პოეტები, მწერლები თუ საზოგადო მოღვაწეები საკუთარ შემოქმედებაში მუდმივად საუბრობდნენ მოცემულ საკითხზე. “თერგდალეული“ ილია ჭავავაძე თავის „საპროგრამო“  ნაწარმოებში „მგზავრის წერილები“ მოხევე პერსონაჟის, ლელთ ღუნიას პირით  აღნიშნულ პრობლემას წამოჭრის. იგი ამბობს რომ, რომ  მართალია მშვიდობა დამყარდა, მაგრამ ხალხი დამონებული, დაჩაჩანაკებულია, მამაპაპისეულ ხმლებს ჟანგი დაედო, მოსახლეობამ თავისუფლება დაკარგა. მართლაც, იმ დროს, როდესაც სურვილისამებრ მოქმედების საშუალება არ გაქვს, მშვიდობა დიდი ვერაფერი შვება იქნება ადამიანებისათვის.

თავისუფლება პიროვნების განვითარების უმნიშვნელოვანესი საფუძველია. მის გარეშე, ჩემი აზრით, ღირსეული ადამიანის ჩამოყალიბება შეუძლებელია. თუ ჩვენ ვამბობთ რომ თავისუფლება უზენაესი ღირებულებაა , მის გარეშე ცხოვრება შეიძლება, განვითარება_არა. ამიტომ ეს ორთაბრძოლა მშვიდობის ფენომენთან მისი აშკარა უპირატესობით დამთავრდება. ჩემი აზრით, თავისუფლება თავის თავში, შესაძლოა, მშვიდობასაც მოიცავდეს, რადგან თავისუფალი საზოგადოება მშვიდობის დამყარებისკენ უნდა იყოს მიმართული.

და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო , რომ თავისუფლება არა მხოლოდ მშვიდობაზე, არამედ ყველაზე დიდი ფასეულობაა ქვეყანაზე. იგი სულის გამოძახილია, განსხვავებით მშვიდობისგან, რომელიც ფიზიკური შრომით მიიღწევა. ნებისმიერი სულიერი ცნება ხომ თავისი არსით ხორციელზე მაღლა დგას?!  

რევაზ დეკანოსიძე

თსუ იურიდიული ფაკულტეტი, I კურსი








ტელ: +995 574 777 889
ტელ: +995 558 309 300
E-mail: contact.sydc@gmail.com
საიტის რუკა


  


გამოიყენება uCoz ტექნოლოგიები